Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კარტოგრაფია - მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ხელოვნების გაერთიანება

ვანკუვერში (კანადა) გამართული 32-ე საერთაშორისო კარტოგრაფიული კონფერენციის „მომავლის რუკის შედგენა: ინოვაცია, ინკლუზიურობა და მდგრადობა“ ფარგლებში ბავშვთა რუკების კონკურსის გამოფენაზე, სხვებთან ერთად, პირველად გაიჟღერა საქართველოს ახალგაზრდა კარტოგრაფების სახელმა. თავად ექვსი ახალგაზრდა კარტოგრაფის ძალისხმევის გარდა, ეს საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა  და დოქტორანტ საბა მოდებაძის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.  

 

საბა მოდებაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების დოქტორანტი, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის კომისიის „კარტოგრაფია და ბავშვები“ წევრი.

 

საბამ თსუ ბაკალავრიატის (საზოგადოებრივი გეოგრაფია) დასრულების შემდეგ, მაგისტრატურაში „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ შეისწავლა; 2023 წლიდან  კი გეოგრაფიის მიმართულების დოქტორანტია.

 

„ჩემს შემთხვევაში არჩევანის გაკეთება მარტივი აღმოჩნდა. ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი გეოგრაფიით, რაც პირველ რიგში ჩემმა ოჯახმა განაპირობა.  პირველი ინტერესი გეოგრაფმა მამამ და  ძმამ გამიღვივეს. როდესაც ჩემი უფროსი ძმა გეოგრაფიის მიმართულებაზე ჩაირიცხა, როგორც აქტიური სტუდენტი საბავშვო უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა და პროექტებში იყო ჩართული. მისი დახმარებით იგივე გზა სკოლის ასაკიდან მეც გავიარე და  გადავწყვიტე, სწავლა იგივე ფაკულტეტზე გამეგრძელებინა. ყველაფერს ხელი ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელმა და თსუ ეკო კლუბმა შეუწყო, სადაც ლექციებს ის პროფესორები გვიკითხავდნენ, ვისთანაც ახლა ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს: თენგიზ გორდეზიანთან, გიორგი დვალაშვილთან და სხვებთან“, - აცხადებს ახალგაზრდა გეოგრაფი.

 

სპორტის ატლასური კარტოგრაფირება და საბავშვო კარტოგრაფირება - ახალი სიტყვა გეოგრაფიაში

 

„სპორტის ატლასური კარტოგრაფირების მეთოდოლოგია და გეოინფორმაციული სისტემა (საქართველოს მაგალითზე)“ - საბას სადოქტორო ნაშრომის სათაურია. „ამჟამად, ქართულ კარტოგრაფიაში ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს საქართველოსა და მისი მუნიციპალიტეტებისთვის კომპლექსურ-ელექტრონული ატლასისა და შესაბამისი, მუდმივ რეჟიმში განახლებადი, შეფასებითი გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის შექმნა. თემა ინოვაციურია და შესაბამისობაშია თანამედროვე გამოწვევებთან. სპორტის გეოგრაფიას, როგორც ახალ დისციპლინას, საფუძველი ჩაუყარა ვაჟა ნეიძემ (1986 წელს), თუმცა ამის მიუხედავად, ველი საკმაოდ თავისუფალია. „სპორტის გეოგრაფია“ - ეს არის ახალი სამეცნიერო მიმართულება, რომელიც სწავლობს, როგორია სპორტში ჩართულ ადამიანთა ტერიტორიული განაწილება და როგორ არის ორგანიზებული სპორტი, როგორც ეკონომიკის მზარდი დარგი. საქართველოს შემთხვევაში ეს კვლევა ჯერ საწყის ეტაპზეა, რადგან გვაკლია სრულფასოვანი, მუდმივად განახლებადი გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ჩემპიონატებში მონაწილე სპორტსმენებისა და გუნდების წარმომავლობაზე დაყრდნობით უკვე ჩანს გარკვეული კანონზომიერებები - მაგალითად, მთიან რეგიონებში უფრო პოპულარულია ალპინიზმი, აღმოსავლეთ საქართველოში - ჭიდაობა, ხოლო დასავლეთში - სპორტული თამაშები, განსაკუთრებით ფეხბურთი და კალათბურთი. „სპორტის ატლასური კარტოგრაფირება“ კი ნიშნავს სპეციალური ატლასების შედგენას, სადაც რუკებისა და დიაგრამების მეშვეობით ნაჩვენებია სპორტის სივრცითი, ისტორიული და სოციალური ტენდენციები - როგორც სამეცნიერო კვლევის, ისე პრაქტიკული ანალიტიკის მიზნით“.

 

ასევე შედარებით ახალი მიმართულებაა საბავშვო კარტოგრაფირება, რომელიც   კარტოგრაფიის ის მიმართულებაა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივ, კოგნიტურ და საგანმანათლებლო საჭიროებებზეა გათვლილი. ეს  სპეციალური მიმართულებაა კარტოგრაფიაში, რომელიც ბავშვებისთვის ქმნის მარტივ, თვალსაჩინო და საგანმანათლებლო ღირებულებების მქონე რუკებს, ატლასებსა და სხვა კარტოგრაფიულ პროდუქტებს. მსურს დავადგინო რა კავშირი არსებობს სპორტულ, საბავშვო, სასკოლო, ლანდშაფტურ, ისტორიულ, ლიტერატურულ მიმართულებსა და კარტოგრაფიას შორის. ვფიქრობ, ეს კარტოგრაფიით უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს.

 

კარტოგრაფია შეიძლება ბევრს „ძველ დისციპლინად“ მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად დღევანდელ ბაზარზე უფრო აქტუალური და მოთხოვნადია, ვიდრე ოდესმე. თანამედროვე სამყაროში ის მჭიდროდაა დაკავშირებული გეოინფორმაციულ სისტემებთან (GIS), სატელიტურ მონაცემებთან, დრონებთან, 3D რუკებთან და ნავიგაციასთან რეალურ დროში. სწორედ ამიტომ, იგი ფართოდ გამოიყენება ურბანულ დაგეგმარებაში, გარემოს დაცვაში, ტრანსპორტში, ლოჯისტიკაში, ტურიზმსა და ეკონომიკაში. ამასთან, რუკები არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ ხელოვნებაცაა, სადაც საჭიროა მონაცემთა ანალიზი, სივრცითი აზროვნება და არა მხოლოდ.

 

          

გეოგრაფების და კარტოგრაფების „სკა“

 

  „გის სკა“ „გის ჯგუფი“-ს ახალი სიცოცხლეა, რომელიც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს. ინიციატივის ავტორი თსუ-ს გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტი ლიკა ცერცვაძეა, რომელიც სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს. სკა-ს ჩვენს შემთხვევაში ორმაგი დატვირთვა აქვს, პირველი მისი სრული განმარტება - საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციაა, ხოლო მეორეში „ფუტკრების სკა“ იგულისხმება, როგორც ასოციაციაში და მის გარეთ მოღვაწე, გეოგრაფიითა და კარტოგრაფიით დაინტერესებული სტუდენტების ერთობა. „გის სკა“-ში ჩემი  მოვალეობა ჯგუფის ინტელექტუალური რესურსით (სტუდენტებით) გამდიდრებაა“.

 

გის სკა-ს სხვადასხვა პროექტების განხორციელება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისა და მდგრადი განვითარების გის ცენტრის ინფრასტრუქტურითა და ხელმძღვანელობის განსაკუთრებული მხარდაჭერითაა შესაძლებელი. სივრცე აღჭურვილია ევროსტანდარტების აუდიტორიებით, ბოლო თაობის კომპიუტერებით, სტერეოფოტოგრამეტრიული დრონით, ArcGIS Pro-ს ლიცენზიებით და სხვა.

 

საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (სკა) შემადგენლობაში 28 თემატური კომისიაა, რომელთა შორის ერთ-ერთია „კარტოგრაფია და ბავშვები“. 2023 წელს, სკა-ს ეგიდით, ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში, პალაცკის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი: „ატლასები, მათი გამოყენება და დიზაინი“. საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის სახელით მონაწილეთა შორის, მეც გახლდით. სიმპოზიუმზე წარმოდგენილ მოხსენებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი საბავშვო კარტოგრაფიას ეკავა. სიმპოზიუმის შემდეგ გამიჩნდა იდეა, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ეგიდით ჩამეტარებინა კონკურსი ამ თემაზე. კონკურსში, „ჩემი თვალით დანახული სამყარო“, მონაწილეობა 10 რეგიონის 27-მა მუნიციპალიტეტმა, 54-მა სკოლამ და 159-მა მოსწავლემ მიიღო. მონაწილეთა ნამუშევრების შემფასებელი კომისია, ცნობილი მეცნიერებითა და პრაქტიკოსებით დაკომპლექტდა. კონკურსის მიზანი, სასკოლო ასაკში კარტოგრაფიისა და გეოგრაფიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში სივრცითი აზროვნების გაძლიერება იყო. კონკურსის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო „თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა“ და მისმა თანამშრომლებმა: მარინა ლომოურმა, გიორგი გრიგოლაშვილიმა, ელენე ბებერაშვილმა და დემეტრე მოდებაძემ.

 

კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრები წარვადგინე საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „კარტოგრაფია და გეოინფორმაციული სისტემები“, ბულგარეთის ქალაქ ნესებარში. ჩემმა მოხსენებამ,  სასკოლო კარტოგრაფიის შესახებ დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩემი კანდიდატურა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის კომისიის „კარტოგრაფია და ბავშვები“ წევრად წარადგინეს.

2025 წელს თსუ-ში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაიმართა საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციისა და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საბავშვო რუკების  კონკურსის  „რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში“ ფინალური დასკვნითი შეხვედრა-დაჯილდოება. კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს თავისი ხედვა სამყაროზე, რუკის საშუალებით. თითოეულ ნამუშევარში მკაფიოდ აისახებოდა ბავშვების ფანტაზია, კარტოგრაფიული ხედვა და შემოქმედებითი მიდგომა.

 

ვანკუვერში, კანადაში, გამართულ 32-ე საერთაშორისო კარტოგრაფიულ კონფერენციაზე „მომავლის რუკის შედგენა: ინოვაცია, ინკლუზიურობა და მდგრადობა“ წარმოდგენილი იყო ბარბარა პეტჩენიკის სახელობის ბავშვთა რუკების კონკურსის „რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში“ გამოფენა. მასზე, მსოფლიოს ახალგაზრდა მომავალი კარტოგრაფების, 180 განსხვავებული ხედვა იყო წარმოდგენილი. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც გამოფენაზე საქართველოს სახელი წარმოაჩინეს ახალგაზრდა კარტოგრაფებმა: ლაზარე ოქრიაშვილმა, თინათინ გოგიშვილმა, ნინო ყურაშვილმა, გვანცა მეფარიშვილმა, ელენე კიკვაძემ, ნინი ახალაძემ, ანანო კობერიძემ, ალექსი მიქაძემ და თაზო კეშელავამ.  

 

თსუ - როგორც შესაძლებლობა

 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ყველას აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საქართველოს სახელი. როგორც მაგისტრანტს საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმსა და კონფერენციაში.  გარდა ამისა, 3 წლის მანძილზე ჩართული ვიყავი ჩეხეთის ბრნოს მასარიკის სახელობის უნივერსიტეტთან, ჩეხეთის პალაცკის სახელობის ოლომოუცის უნივერსიტეტთან, ბულგარეთის არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიისა და გეოდეზიის უნივერსიტეტთან, ავსტრიის ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დადებაში. ჩემი წვლილი შევიტანე ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის საერთაშორისო კარტოგრაფიულ ასოციაციაში გაწევრიანებაში. რასაც მალევე მოჰყვა ჩემი გაწევრიანება საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის კომისიაში „კარტოგრაფია და ბავშვები“. საქართველოდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ICA-ს სხვადასხვა კომისიის წევრები საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პირველი პრეზიდენტი - ჯანსუღ კეკელია და  ამჟამინდელი პრეზიდენტი - თენგიზ გორდეზიანი არიან. მესამე უნივერსიტეტელი  მე გახლავართ.

 

„გეოინფორმაციისა და კარტოგრაფიის“ 21-ე საერთაშორისო კონფერენციაზე (21stlCGC),  სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დესპანის სტატუსით ვიყავი, ჩემი მოხსენების სათაური იყო - „სულხან-საბა ორბელიანის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა“. სულხან-საბა ორბელიანს იცნობენ - როგორც მწერალს, ლექსიკოგრაფს, დიპლომატს, მაგრამ ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილია მისი როლი ქართული მეცნიერული გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის განვითარებაში.  ჩემი მოხსენება ეფუძნებოდა პროექტს - „ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ლანდშაფტთა მდგომარეობების შესწავლა და ატლასური გეოინფორმაციული კარტოგრაფირება“ (დაფინანსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ), რომლის ფარგლებში განხორციელდა საველე და სამუზეუმო კვლევები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ტანძიაში - სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელში.

 

უნივერსიტეტში ახალგაზრდა სტუდენტთა გუნდთან ერთად ვაპირებ ჩავერთო საბავშვო უნივერსიტეტის აქტივობებში, როგორიცაა „თსუ დესპანი“ და „გააცანი შენი პროფესია“. ეს საშუალებას მოგვცემს,  უნივერსიტეტის დახმარებით  უფრო და უფრო მეტ სკოლასთან, მასწავლებელთან, მოსწავლესთან დავამყაროთ კავშირი.

 

2024 წლიდან ჩემი ხელმძღვანელობით იმართება საველე სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციები, რომლის მიზანი რეგიონების ლანდშაფტთა ზაფხულის მდგომარეობათა კვლევა და კარტოგრაფირებაა. კვლევა  თსუ-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება და კომპლექსურ-გეოგრაფიული ხასიათისაა. თენგიზ გორდეზიანის რჩევით შევძელი გამეცოცხლებინა პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის მასშტაბით სტუდენტთა საზაფხულო საველე-სასწავლო პრაქტიკების ჩატარებას, ლანდშაფტმცოდნეობასა და ლანდშაფტურ კარტოგრაფიაში.  2024 წლის აგვისტოში, განხორციელდა სამეცნიერო სტუდენტური ექსპედიცია რაჭის რეგიონში, რომელიც ამ დიდებული ტრადიციის აღდგენის ერთგვარი ცდაა. წლევანდელ აგვისტოში, სტუდენტური ექსპედიცია უკვე ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ჩატარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-ინგლისურ ენებზე გამოცემული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის მიმართულებით, 1991 წლის შემდეგ პირველი პრეცედენტია, რომელიც ეფუძნება სტუდენტთა საველე კვლევების დროს მოპოვებულ და დამუშავებულ ემპირიულ მასალებს. აღნიშნული პროექტის მენტორი იყო, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ გორდეზიანი; კრებული: „რაჭის კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევა და კარტოგრაფირება“ მოიცავს სტუდენტთა მიერ შესრულებულ 10 სამეცნიერო სტატიას და ხელმძღვანელთა (მენტორთა) სამ სამეცნიერო-მეთოდურ სტატიას. წარმოდგენილი ნაშრომი დიდი მონაპოვარია რაჭის კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევისა და კარტოგრაფირების მიმართულებით და ეძღვნება ამ საქმის ინიციატორსა და ნოვატორს, პროფ. ნიკო ბერუჩაშვილს. პირველი ექსპედიციის წარდგინება თსუ-ში, სტუდენტურ კონფერენციებზე გაიმართა.  იგეგმება ქართულ და გერმანულ ენებზე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულის გამოცემა, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთან, ალექსანდრე ვოლოდჩენკოსთან ერთად ქართულ და გერმანულ ენებზე  ფოტოატლასის შექმნა  და  თსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. ვფიქრობ, მომავალში ზაფხულისა და ზამთრის, საველე სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციები საუნივერსიტეტთაშორისო და საერთაშორისო პროექტი უნდა გახდეს.

 

გარდა ამისა, რეგულარულად ვმართავ სტუდენტურ საველე ლაშქრობებს, ვატარებ პრაქტიკულ მეცადინეობებს და ვზრუნავ სტუდენტების ჩართულობაზე, რაც შედეგზე ორიენტირებული და ინოვაციური მუშაობის უნარს ამყარებს. ჩემი მიზანია, შევქმნა მეტი კარტოგრაფიული პროდუქტი, რომელიც ბავშვებს პატარა ასაკიდანვე დააინტერესებს და  ამ დარგის შესწავლის სურვილს გაუჩენს. სწორედ ამიტომ ვურჩევ სტუდენტებს კარტოგრაფიით დაინტერესებას: ეს არის პროფესია, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და ხელოვნებას; რომელიც მუდმივად ვითარდება და არასოდეს კარგავს აქტუალობას. იგი იძლევა შესაძლებლობას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით საკუთარი ცოდნა და უნარები ქვეყნის განვითარებასა და გლობალურ პროგრესს მოახმარო.

თარიღი: 03/11/2025